უბნის ისტორია



                         ქართულ ქალაქთა შორის ქუთაისს ერთ–ერთი  გამორჩეული ადგილი უჭირავს თავისი გეოგრაფიული მდებარეობით.
                        ქუთაისი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში. იგი გაშენებულია იმ ადგილას, სადაც მდინარე რიონი თავისი ვიწრო და ღრმა ხეობიდან ფართო ვაკეზე გამოდის.უკანასკნელ დრომდე მდინარე დაახლოებით ორ თანაბარ –აღმოსავლეთ და დასავლეთ–ნაწილად ყოფს ქალაქის დასახლებას.
                        ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს უბანი, რომელსაც ავტოქარხნის დასახლებას უწოდებენ. საავტომობილო ქარხანასა და მის დასახლებას უჭირავს დიდი ტერიტორია  ქუთაის– წყალტუბოს  რკინიგზის ხაზის დასავლეთით და სახრეთით.  დასახლება, მისი ტერიტორიის დასავლეთი საზღვარი, მდინარე რიონს 8 კილომეტრით არის დაცილებული.
                         ავტოქარხნის დასახლების  სახელი დაკავშირებულია საავტომობილო ქარხანასთან.საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის  თავჯდომარე ი.ბ. სტალინის 1945 წლის 6 მაისის  N 8436 დადგენილებით ქუთაისში დაიწყო ქარხნის მშენებლობა.
                      ქუთაისის  სახელმწიფო არქივის დირექტორი, ბატონი მერაბ კეზევაძე  წარმოგვიდგენს  საარქივო მასალებს საავტომობილო ქარხნის  შესახებ
                         1945 წლის გაზაფხულზე ,,  ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით ,იქ ,სადაც მაღლაკის ხრიოკი და უნაყოფო სატურიას სახელწოდების ველი იყო 120 ჰა ფართობზე დაიწყო რესპუბლიკაში პირველი  და  ერთადერთი  უმძლავრესი საწარმოს ,ქუთაისის სააავტომობილო ქარხნის მშენებლობა.....  მშენებლებისათვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა  მდინარე ოღასკურა იყო.როგორც კი მდინარე მოდიდდებოდა ,ფართოდ იშლებოდა მაღლაკის ველზე და მოსახლეობა იძულებული იყო სახლის სხვენზე ეცხოვრა.... ამ ტერიტორიაზე ორი პატარა ღელე ,,რომბია''და ,,ოდა'' დამალეს მიწაში მაღლაკის   საზღვრამდე . უბანში ძველი მოსახლეები იყვნენ ჟორჟოლიანები, კვერნაძეები, ტყეშელაშვილები და სხვები, რომლებსაც დღესაც ახსოვთ როგორ დაიწყო ავტოქარხნის მშენებლობა და უბნის დასახლებაც. მოგვარდა სასმელი წყლის პრობლემა,ელექტროენერგიით მომარაგება ,გზების გაფართოება და მოკირწყვლა. დაინიშნა  სამარშრუტო ავტობუსები, ხოლო 1957 წელს პირველი ტროლეიბუსიც გამოჩნდა.
                  ავტოქარხნის დასახლება ,რომლის ფართობი  630 ჰა წარმოადგენს ,მდებარეობს გზაგამტარ ხიდს ,სოფელ მაღლაკს ,წყალტუბოს  და ქვიტირის გზატკეცილებს შორის . 2000 წლის მონაცემებით აქ 10505 ოჯახი ცხოვრობდა '' - წერს  ვახტანგ ჯავახაძე ავტოქარხნის დასახლების შესახებ თავის წიგნში.  (ვ.ჯავახაძე,ქუთაისო,დედავ ჩემო, გვ.369)
                         
                                 ავტოქარხნის ისტორია მოიცავს  მრავალათასიანი კოლექტივის  განვლილ გზას, გმირულ შრომით საქმეებს, ცნობებს იმ „საბუდარელ ჭაბუკებზე“, რომლებმაც სოფლები დატოვეს და ინდუსტრიული ქალაქის მუშათა კლასის ავანგარდში ჩადგნენ.ამ ისტორიას ყველა თაობის ადამიანი უნდა გაეცნოს.
           დიდ სახალხო ზეიმად იქცა პირველი ავტომობილის შექმნა და მისი კონვეიერიდან ჩამოსვლა.ბევრი იყო პრობლემა,მაგრამ უფრო მეტი წარმატებით გამოწვეული სიხარული.
                        საავტომობილო ქარხნის პირველი დირექტორი იყო ბორის ბუკია.( დაინიშნა 1945 წლის 20 ივნისს).1956–1965 წლებში ქარხანას ხელმძღვანელობდა შალვა კიკნაძე.1965–1970 წლებში–გიორგი კობალაძე,1991–1996 წლებში გენერალური დირექტორის მრჩევლად დაინიშნა ვახტანგ ხარებავა.შემდეგ იყვნენ:თენგიზ გენძეხაძე (1983–87 წ.წ.),რევაზ ჭეიშვილი ( 1987–1991 წ.წ.),თენგიზ  შუბლაძე  (1991– 94 წ.წ.),ამირან ლეჟავა (1994–95 წ.წ.), ამირან ნაცვლიშვილი ( 1995–2004 წ.წ.), ნუგზარ შამუგია ამ საწარმოს ხელმძღვანელი 2004 წლის 4 აპრილიდან.
                                  საავტომობილო ქარხნის ისტორიამ საქართველოს ინდუსტრიულ და ეკონომიკურ სივრცეში ღრმა და ნათელი კვალი გაავლო. ამ ისტორიას ქმნიდნენ  საწარმოს ღვაწლმოსილი მუშაკები. მათი ჩამონათვალი უსასრულოა. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს:ხარატი იუზა ბურჯალიანი,ზეინკალი იაშა ჩოგოვაძე,ენერგეტიკოს–მექანიკოსი მელიტონ გაბუნია, მეკოპეები გურამ მიქაძე და ქეთევან ღაღანიძე, ოსტატი გივი სიხარულიძე,ზეინკალი ნოდარ მაჭარაძე,ლენინის ორდენოსნები ტუხუ კოხრეიძე და იოსებ ხაზარაძე.მღარავები: ჯიმი ბრეგვაძე, გივი ბარამიძე, სამსონ ცაავა,რაციონალიზატორები: იოსებ ხაზარაძე, აკაკი რუხაძე, გივი ჭელიძე, ოთარ მხეიძე, უშანგი მიქაძე, ოთარ ალავიძე,ანდრო წიქორიძე, გურამ კვერნაძე, შოთა ჭოხონელიძე, გივი ყურაშვილი.
                                  ავტოქარხნის ტერიტორიაზე 1949 წელს აიგო (თავდაპირველად ხის შენობა), რომელიც ავტოქარხნელთა კულტურისა და შემოქმედების კერად იქცა. ჯერ ქარხნის კლუბი დაერქვა,შემდეგ კულტურის სახლი, სასახლე და ბოლოს ავტოქარხნის კულტურისა და ტექნიკის სასახლე.  
            მას სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ: ვანო ვაშაკიძე, კოტე ასათიანი,ვანო მსხილაძე, აკაკი ბოხუა, ალექსანდრე ალფაიძე, ომარ თხილავა, პავლე ბასილაძე, ბორის საჯაია, ბეჟან დახუნდარიძე, ალეკო ჟღენტი, თამაზ კამლაძე, ჯემალ ქვარიანი.
                              ყოველ სიმღერაში,ყოველ ცეკვაში, ყოველი ლექსის სტრიქონში ერის ისტორიაა ჩადებული  და მისი არდავიწყება გადაგვარჩენს, მისი თაობიდან თაობამდე გადაცემა გაგვიყვანს სამშვიდობოს.ეს იცოდნენ იმ ადამიანებმა,რომლებიც ერთგული ქომაგები იყვნენ ჩვენი ფოლკლორული მემკვიდრეობისა.ასეთები იყვნენ:ქორეოგრაფები:ოთარ ალავიძე, ჟორა კეზევაძე, ელგუჯა გუმბარიძე,დავით ჭოლაძე,გიგლა ცაგარეიშვილი,დათო გოდოლაძე, გულო მიქაძე. ლოტბარები:ალ.მაჭავარიანი,ზაალ ლოლაძე,ალექანდრე ჯიმშელეიშვილი.
            გასაოცარ წარმატებებს აღწევდა კულტურის სახლთან არსებული ხალხური სიმღერისა და ცევის ანსამბლი „კოლხიდა“.ამავე სახელწოდების მქონე საესტრადო ანსამბლი.(ხელ–ლი თამაზ კაკაბაძე).

                                    საქართველოში პირველად ავტოქარხნის კულტურის სახლში შეიქმნა ბოშათა ანსამბლი,რომელსაც სათავეში ედგა  ახალგაზრდა ბოშა ნიკოლოზ არმატოვი.
            კულტურის სასახლეში არსებობდა დრამატული წრე.(ხელმძღვანელი ნოდარ ჩოგოვაძე, კონსულტანტი ბუჭა კანდელაკი).სასახლის სცენაზე დაიდგა სპექტაკლები: „ხევისბერი გოჩა“,“ მე,ბებია, ილიკო და ილარიონი“,“ მე ვხედავ მზეს“,“ ყვარყვარე თუთაბერი“,“ ნისლიანი ღამეები“, „სად ხარ,მებაღევ“...სახალხო თეატრს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ:მურმან ფურცხვანიძე, ალექსანდრე ჩიქვინიძე, ელგუჯა ბერიძე.
             განსაკუთრებით აღსანიშნავია კულტურის სახლთან არსებული ლიტერატურული კლუბ „აშრიალის“ (1982–92 წ.წ.) შემოქმედებითი საქმიანობა. მას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ილია ჭავჭავაძის საზოგადოებასთან და მათი ერთობლივი ინიციატივით მოეწყო შეხვედრა  ეროვნულ გმირ მერაბ კოსტავასთან.
    
                                   სამწუხაროა, რომ ყველაფერი ამაღლებული და მშვენიერი ,რაც ამ სასახლესთანაა დაკავშირებული, წარსულს ჩაბარდა. 1992 წელს კულტურის სასახლის დიდი ნიწილი დაიწვა.ის  ცეცხლი, რომლის მხურვალება ათეული  წლის განმავლობაში ყველას ატკბობდა, მინავლდა და ნაკვერჩხალი დარჩა ეული...

                                  1951 წლის გაზაფხულზე, როცა ქუთაისის საავტომობილო ქარხანა ავტომობილის დაბადებასა და მის საქვეყნოდ სამზეოზე გამოსატანად ემზადებოდა,საფუძველი ჩაეყარა დიდ ტრადიციას–ზღვისპირეთსა და მთაში( ჩაქვში, მახინჯაურსა და ქობულეთში )– პიონერთა ბანაკების მშენებლობას. სამი თაობის ათასობით მოსწავლემ გამოსცადა ბანაკური ცხოვრება.
                                 საავტომობილო ქარხნის სამედიცინო სამსახურის ისტორია იწყება 1945 წლის 8 ოქტომბრიდან,როცა შეიქმნა ქარხნის ჯანპუნქტი. (გამგე ნიკოლოზ შავლაყაძე).
                                 საავტომობილო ქარხნის ტერტორიაზე გაიხსნა საავადმყოფო,რომელსაც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ ექიმები:შოთა დანელია, ოთარ ჩხობაძე, ავთანდილ აბულაძე.საავადმყოფოში მოღვაწეობდნენ ექიმები:ლავრენტი პირტახია (ის  დღესაც ნაყოფიერად მუშაობს), ლონდა დანელია, ავთანდილ ხიშტოვანი,ვახტანგ დანელია, ელიზა გელოვანი, ზურაბ სიჭინავა...
                                 ავტოქარხნის ტერიტორიაზე დღესაც ფუნქციონირებს პათანატომიის სამსახურისა და სადიაგნოსტიკო ცენტრი, რომელსაც დღიდან დაარსებისა ხელმძღვანელობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მაგული ჩხობაძე.

                                 1946 წლის მეორე ნახევარში ქარხნის ბაზაზე შეიქმნა ფეხბურთელთა გუნდი „ტორპედო“. (მწვრთნელი ალექსანდრე ცირეკიძე).პირველ გუნდში თამაშობდნენ:მიხეილ ლოსაბერიძე, სოსო მანაგაძე, ბორის კილაძე, სოსო ნიჟარაძე, გიორგი ლობჟანიძე, ნოდარ ახვლედიანი, ნოდარ ხარაბაძე, ვალოდია ჩხეიძე, გივი არეშიძე, ალ.კაჭკაჭიშვილი,ნოდარ კაპეტივაძე,ევლამპ კაპეტივაძე. 
                                 1959 წლის 20 აპრილს „ტორბედომ“ თავისი პირველი საერთაშორისო მატჩი გამართა შვეიცარიის ქალაქ სუნდსვალის ფეხბურთელთა გუნდთან.ეს შეხვედრა ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა.
                                ავტოქარხნელების  სპორტული მიღწევების  შესახებ მოგვითხრო ბატონმა  ზურაბ ჯავახაძემ , რომელიც სპორტის მუზეუმის დირექტორია. ბატონ ზურაბს მუზეუმში ვეწვიეთ . მან საკუთარი წიგნებით დაგვასაჩუქრა , პირადად დაგვათვალიერებინა მუზეუმის ექსპონატები და საოცარი ისტორიები მოგვიყვა ცნობილ სპორტსმენებზე.
           ,,ავტოქარხნელები  განსაკუთრებულად ამაყობენ ოლიმპიური თამაშების  ორგზის პრიზიორის ,მრავალ ტურნირებში გამარჯვებულ და რეკორდსმენი დიმიტრი შანიძის წარმატებებით, რომელიც წლების მანძილზე სპორტული კლუბის ,,კოლხიდას’’ წევრი იყო. წარმატებებს აღწევდა საკავშირო  სარბიელზე ცნობილი ,საქართველოს მრავალგზის   ჩემპიონი და რეკორდსმენი,საკავშირო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი დავით გაბაძე.
           წლების მანძილზე საავტომობილო ქარხნის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში ფალავანთა აღზრდა -დაოსტატებას ემსახურებოდა  საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ,მურადი დოხტურაშვილი. მისი აღზრდილია  ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და პრიზიორი ,მსოფლიოს ,ევროპის და სსრ კავშირის ჩემპიონი და მსოფლიო თასის მფლობელი დავით გობეჯიშვილი. ‘’
                          ბატონი ზურაბ ჯავახაძე გვიყვება:  ,,როცა ავტოქარხნელ ფალავნებზე ვსაუბრობთ ,არ უნდა დაგვავიწყდეს  ქართული ჭიდაობის  ცნობილი ოსტატების -ამირან და გურამ  ბარათაშვილების , შალვა მეზურნიშვილის ,ონისე ხარშილაძის , გურამ მელიქიშვილის  და სხვათა სპორტული მიღწევები . გურამ მელიქიშვილის დამსახურებაა ლეგენდარული ფალავნის კოლა ქვარიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის ჩატარება ,რომელიც ყოველ წელს ტარდება  ქუთაისში .მაგ  .მოკრივე -ნოგენი თორთლაძე საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი  გახდა .''



                                საავტომობილო ქარხანაში წლების განმავლობაში ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდნენ ლიტერატურულ წრეში, რომელსაც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ: ტაგუ მებურიშვილი, თენგიზ აბულაძე, შოთა გაგიშვილი, ავთანდილ ყურაშვილი,  მერაბ გვაზავა, გიზო თავაძე, ცირა ყურაშვილი.
            საავტომობილო ქარხნის  ხშირი სტუმრები იყვნენ ქართველი მწერლები და პოეტები:ალიო მაშაშვილი, კარლო კალაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, თენგიზ ბუაჩიძე, გრიგოლ და ირაკლი აბაშიძეები, ოთარ ჭილაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, ზურაბ კუხიანიძე, რუთა ბეროძე, ზაალ ებანოიძე ...
                              1945 წლის დეკემბერში, როცა ქარხნის მშენებლობიდან რამდენიმე თვე იყო გასული, ქუთაისს გალაკტიონ ტაბიძე ესტუმრა. მოინახულა მშენებარე ობიექტები,1947 წელს ქარხნის დირექტორ ბორის ბუკიასთან ( რომელთანაც მეგობრობდა) ერთად დაათვალიერა მწყობრში ჩამდგარი საამქროები.ეს მომენტი ქარხნის ფოტოგრაფმა მ.ზატოკამ ფირზე აღბეჭდა.
                                 საავტომობილო ქარხანაზე,ავტომშენებლებზე, მრავალი მოთხრობა,ნოველა და ლექსი დაიწერა.სიყვარულით ვწერო,–ამბობდა მწერალი დ.კვიცარიძე. ავტოქარხნელთა ცხოვრებაზე დაწერილი მოთხრობების  „სადა ხარ,მარინე“ და „ქუთათურები“ მიხედვით  არაერთხელ დაიდგა სპექტაკლები არაერთი თეატრის  სცენაზე.


                   ინფორმაცია საავტომობილო ქარხანასთან დაკავშირებით


1.1951 წლის 18 აგვისტოს 18 საათსა და 30 წუთზე კონვეირიდან გადმოვიდა პირველი ქართული ავტომობილი „კაზ– 150.“
2. 1953 წელს გამოვიდა საბჭოთა კავშირში პირველი ორმხრივასაყირავებელი თვითმცლელი „კაზ– 585–ვ“.
3.1954 წლის  18  აგვისტოს კონვეირიდან გადმოვიდა  მე–1000 ავტომობილი.
4. 1957 წლის 21 ივლისს კონვეირიდან გადმოვიდა  25000–ე ავტომობილი.
5.1956 24 ოქტომბერს ქარხანას მიენიჭა სერგო ოჯონოკიძის სახელი.
6. 1958 წელს ქართველმა ავტომშენებლებმა შექმნეს ახალი კონსტრუქციის ხუთტონიანი სატვირთო ავტომობილი  „ კაზ– 605“.
7.1964 წელს ქართველმა კონსტრუქტორებმა შექმნეს ავტომატარებელი „კაზ– 608–717“.
8.1976 წლის 20 იანვარს კონვეირიდან ჩამოვიდა ახალი ტიპის ავტოგამწე „კაზ–608“.
9.1983 წლის 27 დეკემბერს აიკრიბა პირველი სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების ავტომობილი „კაზ– 45400“.
10. 1988 წლის 1 დეკემბერს საავტომობილო ქარხნის ძველი მთავარი კონვეირიდან ჩამოვიდა „კაზ–608“ მარკის უკანასკნელი რიგით 483529–ე ავტომობილი

 გამოყენებული ლიტერატურა:

1 .   ვ. ჯაოშვილი ,ქუთაისი (ეკონომიკურ-გეოგრაფიული გამოკვლევა), თბილისი,,მეცნიერება''1989წ.
2.   ლ. იობიძე, ქუთაისის   სააავტომობილო ქარხნის  მატიანე, 2007
3.  ვ. ჯავახაძე  ,ქუთაისო,დედავ ჩემო, 2010.

   მასალის მომზადებაზე მუშაობდნენ: მარიამ მინაშვილი, მარიამ გვაზავა, თაკო  გაბაძე  , ელენე  მელქაძე , ანასტასია გვაზავა     (მეათე კლასი)
            კონსულტანტები : ელენე  გოგავა , ეკატერინე ნაროუშვილი
  


Made with Padlet

Comments

Popular posts from this blog